თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ შორის „თბილისის მეტროს პროექტთან“ დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ,,თბილისის მეტროს პროექტთან’’ დაკავშირებით 2020 წლის აპრილში 75 000.000 ევროს ოდენობით შეთანხმებას მოეწერა ხელი.
წარმოდგენილი შეთანხმება მიზნად ისახავს დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში თბილისის მეტროპოლიტენისთვის მოძრავი შემადგენლობის შეძენას, მეტროს დეპოს მშენებლობა/რეკონსტრუქციას და ასევე შემაერთებელი გვირაბის რეაბილიტაციას.
კომისიების წევრებმა ,,თბილისის მეტროს პროექტთან’’ დაკავშირებულ ქვესასესხო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილის თაობაზე იმსჯელეს.
კერძოდ, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.