თბილისის საკრებულოში უკრაინის დედაქალაქ კიევის საქალაქო საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე.
თბილისის საკრებულოს წევრებმა უკრაინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს ფუნქციები და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
კიევის საქალაქო სათათბიროს წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტი, როგორ არის გადანაწილებული ფუნქციები სხვადასხვა სამსახურებს შორის, რა მდგომარეობაა ტრანსპორტის, მშენებლობების და მუნიციპალური მომსახურების სფეროებში.
თბილისის საკრებულოს წევრებმა უკრაინელ სტუმრებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, პარკინგის სისტემაზე. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ თბილისში უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალი, მიწისზედა მეტროსადგური აშენდება, რაც აეროპორტს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. მათივე განცხადებით, თბილისის როგორც ტურისტული ქალაქის პოტენციალის გაზრდისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
უკრაინის დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებს ამ მხრივ, კიევში არსებული მდგომარეობა და კანონმდებლობა გააცნეს.
მხარეები მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.