თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებულის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
სხდომაზე კომისიების წარმომადგენლებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება და შესაბამისად, საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.
დებულების ცვლილება სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის’’ ლიკვიდაციამ და აღნიშნული ფონდის მიერ წარმოებული გარკვეული პროექტების ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისთვის გადაცემამ გამოიწვია.
სხვა საკითხებთან ერთად დეპუტატებმა თბილისის რამდენიმე უბანში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის, პირდაპირი განკარგვისა და გაცვლითი ფორმით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.
კომისიის წევრების გადაწვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს „საქართველოს დედაქალაქი სადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (მ3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
დღესვე წარმომადგენლობითი კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, შიდა აუდიტის, ასევე ტრანსპორტისა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.