თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ჯაბა სამუშია თავმჯდომარეობდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ,,მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის #3-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ყველა მსგავსი მეწარმე სუბიექტი, რომელიც შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევით დაზარალების დამადასტურებელ დოკუმენტსბწარმოადგენს, დააკმაყოფილებს იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებს და თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პროექტის დაფინანსების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გარკვეული სახის შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს.
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისათვის საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა ექსპლუატაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას.
ასევე დადებითად გადაწყდა საკითხი თბილისში ბაგების სატყეო უბანში და სამგორის რაიონში მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარითა და უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ.
თანხმობა მიეცა საკითხს თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებასაც.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ლაფერაძე და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ეკა ბურდილაძე ესწრებოდნენ.