თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისიის- იურიდიულ საკითხთა, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ასევე ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის 30 დეკემბერს შემოსული შპს „ლანცეტი“-ს განცხადების საფუძველზე, შპს „ლანცეტის“ პირგასამტეხლოსგან განთავისუფლება.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, საქართველოში თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შენარჩუნება აუცილებელია.
აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს ხელოვნური ბარიერების შექმნა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პროცედურები უნდა გამარტივდეს.
დეპუტატებმა საკითხის განხილვისა და შესწავლის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შ.პ.ს. ,,ლანცეტისათვის’’ დაკისრებული პირგასამტეხლოს მოხსნის თხოვნით დედაქალაქის მერიას სარეკომენდაციო წერილი გაეგზავნოს.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს .
კომისიების წევრებმა ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.