თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამებსა და ქვეპროგრამებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე საფინანსო სამსახურის წერილი განიხილეს და საკითხს დადებითი შეფასება მისცეს.
გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე, ასევე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე და მისი მოადგილე ლევან მიქავა ესწრებოდნენ.