თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვა დედაქალაქის საკრებულოში 6 აპრილს გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწვეტილება დღეს თბილისის საკრებულოში რვა კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.
დეპუტატებმა დღეს "თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 დადგენილებაში ცვლილების შესახებ\" იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
ლევან თევზაიამ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა, რის შემდგომაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
განხილვის პროცესზე საკუთარი შეკითხვები და შენიშვნები როგორც ოპოზიციამ, ასევე უმრავლესობის წევრებმა წარმოადგინეს.
კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, საკითხი შესაბამის კომისიებში დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
,,უმრავლესობა ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით კომისიებში შეჯერდება და საკუთარ დასკვნებს წარმოადგენს. თბილისის საკრებულო ეცდება, რომ ბიუჯეტში ჩვენი დედაქალაქისთვის მაქსიმალურად მისაღები ცვლილებები შეიტანოს’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დეპუტატები ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების საბოლოო ვარიანტზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ.