თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები 1 509 500 ათასი ლარით დაფინანსდება.
სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები დეტალურად განიხილეს.
განხილვის შედეგად, კომისიის თავმჯდომარემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში, შესაძლებლობის ფარგლებში, გასათვალისწინებელი წინადადებები წარადგინა. კერძოდ, კომისიამ მხარი დაუჭირა ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამისათვის - ბიზნესის სტიმულირება - გათვალისწინებული ასიგნებები 383,500 ლარით ზრდას, ვინაიდან პროგრამის ფარგლებში მომავალი წლისათვის იგეგმება მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელება, კერძოდ, თბილისში რეგისტრირებული ან მოქმედი სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამოფენა-გაყიდვა „თბილისური ბაზარის“-ის მოწყობა - ღონისძიების „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ფარგლებში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და სხვა.
„ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში 150.000 ლარით, ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსება, როგორიცაა ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრება ევროპის კონტინენტის 170-მდე მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირი“, - აღინიშნა კომისიის სხდომაზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით პროგრამისათვის - თბილისი-საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში გათვალისწინებულია 130,000 ლარი; ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად იგეგმება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, სადაც თბილისს სჭირდება სწორი პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერიის ბრენდინგის განხორციელების მიზნით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულ პროგრამის ასიგნებების გაზრდა 100,000 ლარით.
ამასთან, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიამ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში, ქალაქისათვის დამატებითი შემოსავლის - ტურისტული მოსაკრებელის შესახებ რეკომენდაციაც გასცა.