თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ კომისიის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ლევან არველაძემ კომისიის მიერ ჩატარებული სხდომების და ამ სხდომებზე განხილული საკითხების შესახებ დეტალურად ისაუბრა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, განხილული იყო დედაქალაქის 2021 და 2020 წლების ბიუჯეტების პროექტები, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურიდან მოწოდებული პროექტები, საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებები. ლევან არველაძემ მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავებული და ინიცირებული პროექტები გამოყო. მათ შორის, თბილისში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესწავლა, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების განხორციელება, ტურისტული ბილიკების მარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი ადამიანური რესურსების განვითარება.
კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პანდემიაზე შესაბამისი რეაგირებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარება-ხელშეწყობის ფარგლებში, დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ღია კაფეს მოწყობის მიზნით გატარებულ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.
კომისიის წევრებმა ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.