თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრებმა, უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიურ ფორუმთან “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ დაკავშირებით შეხვედრა გამართეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა.
შეხვედრას, რომელიც გაერთიანება Property Georgia, FIABCI Georgia და ქალაქის მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ესწრებოდა.
საკრებულოს წევრებმა თბილისში 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი ფორუმის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა ლიკა ქარდავამ შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის დანიშნულების, საქმიანობის, პარტნიორებისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, FIABCI - უძრავი ქონების პროფესიონალთა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელიც 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში მისი წარმომადგენლობა - FIABCI Georgia კი ამ ეტაპისთვის 20 წევრ კომპანიასა და ასოციაციას აერთიანებს.
პრეზენტაციის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა, სტუმრებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო, მუნიციპალურ და რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს და ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ინფორმაციის აქტიურ რეჟიმში გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო გეგმები დასახეს.