თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 500,0 ათასი ლარით იზრდება და 1 394 733,5 ათას ლარს შეადგენს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელი ცვლილებები საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინეს. მათი განმარტებით, თანხები პროგრამებს შორის გადანაწილდება.
დღესვე, სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს. ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა მისამართებზე, მიწის ნაკვეთების გაცვლის და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე უსასყიდლოდ უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.