თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სამი კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის “თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება - ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის შესახებ საგრანტო ხელშეკრულებაზე საკრებულოს თანხმობის მიღების საკითხი განიხილეს. პროექტი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა თბილისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა.
დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №54-35 დადგენილებაში ცვლილება გააცნო კომისიების წევრებს. ცვლილება მცირე მეწარმეებისთვის დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების და ვალდებულებების შესრულების გადავადებას ითვალისწინებს. საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიების წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილებაში ცვლილება, ასევე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულებაში ცვლილება წარადგინა.
ლევან ჟორჟოლიანმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს საკრებულოს წევრად დავით ფარცვანიას უფლებამოსილების ცნობის საკითხი გააცნო.
კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.