დღეს საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, სხდომაზე მსჯელობისთვის გატანილი ძირითადი საკითხები დედაქალაქში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს შეეხებოდა.
,,იმისთვის, რომ პანდემიის პირობებში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მეწარმეთა ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდეს, თბილისის მუნიციპალიტეტი ერთობლივი ძალებით იღებს არაერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება ხერხდება”-აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, მერიის ქონების მართვის სააგენტოს, თბილსერვის ჯგუფის, ასევე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიც მიმოიხილეს, რომელიც უმთავრესად ტურიზმის სფეროს ამოქმედებას ისახავს მიზნად.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.