თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში დეპუტატებს საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბერეკაშვილმა წარუდგინა.
სამსახურის უფროსმა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, მიმდინარე საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ესენია სტრატეგიული დაგეგმვა, თბილისის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ინვესტორთა მხარდაჭერა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სამუშაო ძალის განვითარება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და ქალაქის შესაძლებლობების წარმოჩენა, ტურიზმი, ევროპის სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ენერგოეფექტურობა, „მერების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ადგილობრივი გადასახადები, მოსაკრებლები და ნებართვები, ადგილობრივ დონეზე რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები, გარე ვაჭრობა და გარე რეკლამა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ჩამოყალიბდა საინვესტიციო წინადადებების მხარდამჭერი ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგად, 80 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციებს გზა გაეხსნა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 3.7 მლნ ლარით დაფინანსდა 6 ბიზნესპროექტი, მერიის მხარდაჭერით იხსნება ოთხი ახალი სასტუმრო, რის შედეგადაც 200–მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ირაკლი ბერეკაშვილის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ორი საკითხი განიხილეს. კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მერვე საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმადაც საკრებულოს სხდომა სამშაბათ დღეს უნდა ჩატარდეს ხოლმე. საბოლოოდ დასამტკიცებლად ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე იქნება გატანილი.