თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სხდომაზე საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ, სამსახურის მიერ ბიზნესის სტიმულირების, თბილისის განვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მანვე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორისაა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე -12 საერთაშორისო ფორუმის ჩატარება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია წამყვანი ქალაქების წარმომადგენელი საერთაშორისო დონის მომხსენებლების მიერ თანამედროვე ეკონომიკური მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების შედეგად სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შემუშავება.
კომისიის წევრებმა ასევე შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერისა და ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.