თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ზარქუასთან და დეპუტატებთან ერთად, პროფესიული განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე უძღვებოდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა წეროძემ საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. მან კომისიის წევრებს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ დანიელ დავითაშვილმა დეპუტატების ყურადღება აღნიშნულ სფეროში დღეს არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
საკრებულოს წევრებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა აღნიშნულ სფეროში მეტი ჩართულობის სურვილი გამოთქვეს და გრძელვადიან თანამშრომლობასა და ინფორმაციის უფრო აქტიურ რეჟიმში გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრას მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.