თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ირაკლი ხელაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების საკითხები განიხილეს.
ორი კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე ლაშა მაჭავარიანის და თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქეთევან შუბითიძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. კანდიდატები თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი 19 მილიონ 270 ათასი ლარით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით იზრდება საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირების პროგრამა.
დღესვე, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.