თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები გააცნო კომისიების წევრებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე განკარგულების პროექტი წარადგინა.
ორი კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე პროექტი განიხილეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა, რომლის თანახმად, ყველა ქვეზონაში დაშვებულ სახეობას წარმოადგენს ავტობუსის გაჩერებისთვის ან სპეციალური დაცული სადგომისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს ასევე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, მოქმედების ვადის, ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
კომისიის სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესსა“ და „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“. კერძოდ, ცვლილებით, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში, ზუსტდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორიები და დამატებით V დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარების მეთოდი ინერგება. საკითხი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ კვერნაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთები პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო.
ორი კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და რეკომენდაციების გათვალისწინებით საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.