თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ირაკლი ხელაძე და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით,იზრდება სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მისაღები შემოსავლები 1 530,8 ათასი ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს 1 776 457,6 ათას ლარს. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ასიგნებების გადანაწილება შემდეგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე, მათ შორის: იზრდება კეთილმოწყობის ღონისძიებები სამგორის რაიონში ქვეპროგრამის ასიგნება – 100,0 ათასი ლარით, თბილისის საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში პროგრამის ასიგნება - 70,0 ათასი ლარით, საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა ქვეპროგრამის ასიგნება - 500,0 ათასი ლარით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პროგრამის ასიგნება - 500,0 ათასი ლარით და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო– 360,8 ათასი ლარით.
ორი კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმა „თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ თბილისის მთავრობის განკარგულება წარადგინა. დღესვე ირაკლი თავართქილაძემ ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო.
ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.