თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ლევან ჟორჟოლიანი და ლევან არველაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე თავდაპირველად ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ორივე კომისიის დღის წესრიგში იყო. ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ კომისიების წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში ცვლილებები გააცნო. ცვლილებები სამშენებლო ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებას გულისხმობს. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, სამშენებლო ობიექტებისთვის მოსაკრებლის გადასახადი რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა. ორივე კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა საკითხი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, ასევე რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესში. როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, ამ ცვლილებებით, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება მათ მიერ დამტკიცებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომ თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მიიღონ უკრაინის მოქალაქეების 2-დან 6-წლამდე ასაკის შვილები. შესაბამისად, უკრაინელი ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებებში მომსახურებას მიიღებენ სრულიად უფასოდ.
დღესვე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „მს ბილდერისთვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი და დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
გარდა ამ საკითხებისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისის ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის რამდენიმე წესში ცვლილებები წარადგინეს. ეს ცვლილებები შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობასა და ლიმიტების რაოდენობას ეხება.
კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში“ ცვლილებები და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები განიხილეს. საკითხები სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.