თბილისის საკრებულოში გამართულ ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელი პროგრამები დეტალურად განიხილეს.
აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრებს მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ წარუდგინა.
სხდომაზე დეტალურად ისაუბრეს ბიზნესის სტიმულირების, თბილისის განვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება პოსტპანდემიური ეკონომიკური შედეგების მართვის სამოქმედო გეგმაზე გაამახვილეს. იმსჯელეს ისეთ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც საერთაშორისო ასოციაციებში, ქსელებსა და პროექტებში თბილისის გაწევრიანებას, ჩართვასა და მონაწილეობას ისახავს მიზნად.
სხდომაზე აგრეთვე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი ისეთი ღონისძიებები განიხილეს, როგორებიცაა თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა და ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია.