თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები დეტალურად განიხილეს.
აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ წარუდგინა.
მან დეტალურად ისაუბრა ბიზნესის სტიმულირების, თბილისის განვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ისეთ პროგრამებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში ჩართვას ისახავს მიზნად.
ანდრია ბასილაიამ, კომისიის წევრებს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი ისეთი ღონისძიებები გააცნო როგორებიცაა: თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა, დედაქალაქის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება და ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია.