24 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდა, რამდენიმე მისამართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის განკარგულების პროექტებში ცვლილებები შეიტანეს. საკითხები კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა წარადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა მოსკოვის გამზირსა და ბოჭორიშვილის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებაც იმსჯელეს.
კომისიამ ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილა.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს მხარდაჭერილი საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.