30 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი დაემატება და ჯამში 2 506 978,3 ათას ლარით განისაზღვრება.
როგორც ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, წელს თბილისს უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი აქვს, რაც ავთანდილ ცინცაძის თქმით, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს მოხმარდება.
დღესვე კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია\ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებზეც იმსჯელეს. საკითხები დეპუტატებს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა წარუდგინა.
კომისიაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.