თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ორი კვარტლის ანგარიში მოისმინეს.
კომისიის წევრებს ანგარიში მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ წარუდგინა.
საქალაქო სამსახურის უფროსმა განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა როგორც სპორტული, ასევე ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე.
გიორგი არეშიძის განცხადებით, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ჩატარებულია 78 სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა 15 600-მდე ბენეფიციარმა მიიღო.
მისივე თქმით, დაფინანსებულია 25 სპორტული და საქართველოს 15 ეროვნული ფედერაცია. ასევე წარმატებით მოქმედებს ქვეპროგრამები, რომლითაც მწვრთნელთა მხარდაჭერა, წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობაა გათვალისწინებული. გიორგი არეშიძის თქმით, ორი კვარტლის შედეგებით, ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე სხვადასხვა სახეობის 355 მწვრთნელ-მასწავლებელს. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 238 წარმატებული სპორტმენი ბავშვის დაფინანსება.
საქალაქო სამსახურის უფროსმა, ანგარიშის წარდგენისას განსაკუთრებით აღნიშნა პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის გადადგმული ნაბიჯები და პარასპორტის განვითარების ცენტრის მშენებლობის დასრულებაზე ისაუბრა.
გიორგი არეშიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ახალგაზრდული მიმართულებით, რაჭაში დასასვენებელი ბანაკის რეორგანიზება და ამოქმედება, ასევე თბილისის ათ რაიონში, სკვერებში, გარე-გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟის თაობაზე ტენდერის გამოცხადება, კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი, მუხიანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთისა და რაგბის მოედნების მოწყობა იგეგმება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატებმა, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს მათთვის საინტერესო მიმართულებებზე დამატებითი კითხვები დაუსვეს, რაზეც გიორგი არეშიძემ მათ ამომწურავი პასუხები გასცა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ორი კვარტლის შედეგები დადებითად შეაფასეს.