თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის გახსნა-დახურვის ღონისძიებების პროექტის მოსმენა გაიმართა.
პროექტი კომისიების წევრებს და საკრებულოს დეპუტატებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა წარუდგინა. მან დიდ ეკრანზე ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ესკიზების, მთავარი სასცენო დეკორაციების, ცენტრალური ხედების, ათლეტების მოძრაობის ტრაექტორიების, ცეცხლის ანთების, ჩირაღდნების გადაცემისა და საზეიმო ღონისძიების შემადგენელი ელემენტების ამსახველი სლაიდების დემონსტრირება მოახდინა.
გაერთიანებულ სხდომაზე ასევე გაიმართა სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად ამ დიდი სპორტული ღონისძიებისათვის დაიწერა.
დავით ოქიტაშვილის თქმით, გახსნის პროექტის ავტორი - ბრიტანელი რეჟისორი დევიდ ზოლკვერია, რომელსაც ქართველი რეჟისორები დავით დოიაშვილი და გურამ დაიაშვილი ეხმარებიან. გახსნის მხატვარი - მურაზ მურვანიძეა. ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალის დახურვის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილი.
გაერთიანებული კომისიების სხდომას, კომისიის წევრების გარდა, საქართველოს კულტურის პალატისა და ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.