თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქალაქო საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და კერძო სექტორის წარმომადენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე წყალბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის, თანამედროვე სტანდარტს მორგებული, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ახალი საცურაო აუზების მშენებლობის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.
მხარეებმა წყალბურთის განვითარებისთვის საჭირო მიმართულებები განიხილეს. დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის და სავარჯიშო გარემოს მოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ჯანსაღი თაობის აღზრდა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. ამის წინაპირობა სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარემოს შექმნაა. ამ პროცესში მუნიციპალიტეტთან ერთად კერძო სექტორის ჩართულობა მისასალმებელია. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, წყალბურთზე გავაკეთებ აქცენტს. მწირი შესაძლებლობებით საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი დადო. სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობა უმაღლესი რანგის ტურნირებზე წარმატების მიღწევის გარანტიაა. ჩვენი მთავარი გზავნილი-ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღი მომავალია".-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.