დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა , თავმჯდომარის მოადგილემ - გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ - ქეთევან ჯოხაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა დეპუტატებთან ერთად , ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესები დაათვალიერეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, მოინახულეს სტადიონი, სადაც მძლეოსნობა უნდა გაიმართოს, აგრეთვე ფრენბურთისა და ხელბურთის მოედნები, ტანვარჯიშის დარბაზი. მათი განცხადებით, მაღალი სტანდარტით შესრულებული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.
„ევროპის ახალგაზრდულ-ოლიმპიურ ფესტივალზე - თბილისი 2015, საქართველო ღირსეულად უნდა წარსდგეს. ისტორიულად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, საქართველო 30 საუკეთესო გუნდში სახელდებოდა და სპორტის მონაცემებით წინ უსწრებდა ისეთ გიგანტურ ქვეყნებს, როგორიცაა: - დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი. ამდენად, ჩვენს ერში არის ის პოტენციალი, რითაც შევძლებთ ძველი დიდების დაბრუნებას. მსურს წარმატება ვუსურვო მომავალი ტურნირის მონაწილე სპორტსმენებს, რომელთაც ასპარეზზე შესაძლებლობის ღირსეულად გამოვლენა მოუწევთ“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ - ქეთევან ჯოხაძემ აღნიშნა, ობიექტების მშენებლობა გეგმის მიხედვით მიდის და 2015 წლის 15 ივნისს დასრულდება. რაც შეეხება რეაბილიტირებულ ობიექტებს, ის უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს დასუფთავება და ინვენტარის შეტანა.