დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2014 წლის სპორტული ფოტოების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას, საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, ასევე საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათი პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, როგორც ამ, ისე სხვა დარგებში, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ჩვენ დღეს საქართველოში და უცხოეთში გამართული სპორტული მოვლენების ამსახველი მომენტების ფოტო-გამოფენა ვიხილეთ. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ამ ახალგაზრდებს, მივცემთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
საკრებულო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, მხარს უჭერს ასეთ ღონისძიებებს და თავის მხრივ, მზადაა ამ მნიშვნელოვან საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს“-აღნიშნა ქეთევან ჯოხაძემ.
კატალოგში 13 ფოტოგრაფის 33 ნამუშევარია შესული, რომლებიც 2014 წელს საქართველოში და უცხოეთში გამართულ სპორტულ მოვლენებს ასახავენ.
ღონისძიებას, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით და თბილისის მერიის სხვადასხვა სპორტული „ააიპ“-ების ორგანიზებით, თბილისში გამრთული მასშტაბური სპორტული ღონისძიებები, სლოგანით „სპორტი ყველასათვის“ უძღვოდა წინ.
აქციის ფარგლებში თბილისის მერიის სპორტული „აიიპ“-ების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული შეჯიბრიც გაიმართება.
გამოცემის ავტორების განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში მოღვაწე სპორტული და განსაკუთრებით ახალგაზდრა ფოტო-ჟურნალისტების გამოვლენა და წახალისებაა და მას ტრადიციული და თანამედროვე ქართული სპორტის ფოტო-მემატიანედ ჩამოყალიბების დიდი პერსპექტივა გააჩნია.