თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს წევრმა დავით რურუამ, მკლავჭიდში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს ლევან საგინაშვილს უმასპინძლეს. შეხვედრა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში გაიმართა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან საგინაშვილს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობისა და საქართველოს სახელით მოპოვებული ჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სწორედ ასეთი წარმატებული სპორტსმენები აძლევენ მაგალითს მომავალ თაობას.
მკლავჭიდში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრი გადასცეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მსგავსი შეხვედრების მიზანი დამწყები და მოქმედი სპორტსმენების ხელშეწყობაა.
"დღეს თბილისის საკრებულოში კამპანიის „წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, გამორჩეულ სპორტსმენს ლევან საგინაშვილს ვუმასპინძლეთ. იგი არის, შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი. ჩვენი მიზანია, სპორტის პოპულარიზაცია და ამისთვის არაერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც, როგორც წარმატებული, ისე დამწყები სპორტსმენების ხელშეწყობას ემსახურება“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საგინაშვილი მოქმედი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. იგი არაოლიმპიურ სახეობაში 2018 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად არის აღიარებული. +110 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონია. იგი მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, პროფესიონალურ ლიგაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-8 მკლავჭიდელი ერკინება ერთმანეთს. აღნიშნული ტურნირი ასეთი მასშატაბით პირველად იმართება.