დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს.
აღნიშნული სამსახურის უფროსის, გიორგი არეშიძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ახალგაზრდული პროგრამების განყოფილება, მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის და მერის წინასაარჩევნო პროგრამის საფუძველზე, სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს ახორციელებს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამების მიზანს, ახალგაზრდების ინოვაციური იდეების გენერირება და განხორციელება, სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და ახალგაზრდების ქალაქის მართვის პროცესში ჩართვა, ასევე მათი შესაძლებლობების და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლინება წარმოადგენს.
გიორგი არეშიძის თქმით, განყოფილება მჭიდრო კომუნიკაციაშია ახალგაზრდულ ჯგუფებთან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის ქვესტრუქტურებთან და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც საქალაქო სამსახურმა უკვე განახორციელა ან განხორციელების პროცესშია.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს თემატურ-საგნობრივი და მოხალისეობრივი ჯგუფების დაკომპლექტება, რომლებიც ქალაქის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა (დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა) აქციებში მონაწილების მიზნით შეიქმნა და ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამებში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან ჩართულნი.
გიორგი არეშიძემ ახალგაზრდულ სფეროში საქალაქო სამსახურის ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებსაც გაუსვა ხაზი, როგორიცაა GIZ (ჯი აი ზეტი) - „კავკასიის ქალაქთა ქსელი“, PH International”, ფრანკო-გერმანული ახალგაზრდული ოფისი და სხვა.
კომისიის წევრებმა ასევე ამავე სამსახურის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.
განსაკუთრებული ინტერესი მოხალისეობრივმა პროექტმა, თბილისის სკოლებში „ გაამწვანე გარემო“, სტუდენტების ეკო-პროექტმა, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისა და დასაქმების ფორუმმა გამოიწვია.
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზეც იმსჯელეს.
კომისიამ თბილისის მერიას ორი არასამეწარმეო იურიდიული პირის, „კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული ცენტრის“ და კომპლექსური სპორტული ცენტრის „მუხიანის“ დაფუძნებაზე მისცა თანხმობა.
ასევე დადებითად იქნა შეფასებული კომისიაზე წარმოდგენილი სხვა პროექტები, რომლებიც წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში შემოვიდა განსახილველად.