თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, დეპუტატებთან - ავთანდილ ცინცაძესა და დავით რურუასთან ერთად, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.
კანონპროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით შედგა.
გიორგი ჩაკვეტაძემ პროექტის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, მულტიფუნქციური კომპლექსების პროექტირებისა და მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი კანონის შექმნა მიზნად მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს.
ამასთანავე, კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა, ფინანსურად კი პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ((UKaid) უზრუნველყო.