თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ,,თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების’’ მიერ განხორციელებულ ტრენინგ-კურსებში მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიება თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო. დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მათი განმარტებით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა თბილისის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მომავალში დაგეგმილია ამ სფეროს კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება.
ტრენინგ-კურსების თემატიკა შემუშავებული იყო ახალგაზრდების საჭიროებათა კვლების საფუძველზე და მოიცავდა შემდეგ თემებს: საჯარო გამოსვლა, დროის მართვა, პროექტების მართვა, ლიდერობა, პიროვნული განვითარება, მეწარმეობა და ინოვაცია.
არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგ-კურსებში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა 500-მდე ახალგაზრდამ. ტრენინგებში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის საფუძველზე კი სერტიფიკატი გადაეცა 120 მათგანს.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ-კურსები მიმდინარეობდა ინტერაქტიული სახით და თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული დავალებების ნაწილს მოიცავდა.