თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სამაჟორიტარო ოლქების ცენტრალურ სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ დაიწყო. პირველი შეხვედრა თბილისის 158-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ცნობილი კალათბურთელები ანატოლი ბოისა და მიხეილ ბერიშვილი შეხვდნენ.
შეხვედრაში საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრი დავით რურუა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა მონაწილეობდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
„გვინდა, რომ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შევხვდეთ და გავაცნოთ ის პრიორიტეტები, რომლებიც სპორტის მიმართულებით აქვს მუნიციპალიტეტს. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება დევიზით - სპორტი გვაერთიანებს,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი? ამ საკითხზე მოსწავლეებს სპორტსმენებმა და საკრებულოს წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია და მათ კითხვებს უპასუხეს.
როგორც საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, 158-ე საჯარო სკოლას ფეხბურთელ გოგონათა კარგი გუნდი ჰყავს, რომლებმაც არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
თბილისის მერიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ სპორტულ აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა მათ თავიანთი ინტერესების შესაბამისად ექნებათ. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს აღნიშნული სპორტული აქტივობების შესახებ ბუკლეტები დაურიგეს.
პირველ ეტაპზე, 5 ივნისიდან 15 ივნისამდე, კამპანია ჩატარდება რამდენიმე სამაჟორიტარო ოლქის ცენტრალურ სკოლებში. ხოლო, სექტემბრიდან კვლავ გაგრძელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის ყველა ოლქის ცენტრალურ საჯარო სკოლებს.