დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები თამარ ტალიაშვილი და ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდნენ. სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების წახალისების მიზნით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად დაფინანსების პროგრამების განხორციელების წესზე იმსჯელეს.
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ საკრებულოს წევრებს პროექტი წარმოუდგინეს, რომლის თანახმადაც, ხელოვნების სკოლების სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და მათი მასწავლებლები თბილისის ბიუჯეტის სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან დაფინანსდებიან, ხოლო თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და მათი მასწავლებლები კი ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამიდან. როგორც თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, ჯერ კიდევ 2015 წელს პროექტის მოქმედი ვარიანტის ფორმულირებისას, მისივე ინიციატივით ამ წესის ის მუხლები გაუქმდა, რომლებიც, მისივე თქმით, დისკრიმინაციული ხასიათის იყო.
კერძოდ, წესი თავდაპირველად სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებზე არ ვრცელდებოდა და ისინი, შესაბამისად, წახალისების გარეშე რჩებოდნენ.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატებმა აღნიშნულ ცვლილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.