დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების თავმჯდომარეებთან - თამარ ტალიაშვილთან და ქეთევან ჯოხაძესთან ერთად ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისების კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.
კონკურსში, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა 2015 წელს გამოაცხადა, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა, სასკოლო კლუბებმა და საინიციატივო ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს წარმომადგენლებმა თბილისის მერის მოადგილესთან ნინა ხატისკაცთან და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად პროექტში გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიესალმნენ და დამსწრე საზოგადოებას პროფესიულ და ცხოვრებისეულ ასპარეზზე წარმატება უსურვეს. გიორგი ალიბეგაშვილმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საკრებულოს მხრიდან აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისთვის მზაობა გამოთქვა.
მისი განცხადებით, ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება სკოლის აღსაზრდელებს ხარისხიანი განათლების მიღებაში შეუწყობს ხელს.
კონკურსი, რომელშიც 3000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, ორ ეტაპად განხორციელდა და გამარჯვებულად 22 სკოლის 27 პროექტი გამოვლინდა.
კონკურსის თემატიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, ასევე სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს.
დღესვე, ირაკლი გვილავამ ახალი კონკურსის გამოცხადებაც დააანონსა და აღნიშნა, რომ აპლიკაციების მიღება 15 აპრილამდე გაგრძელდება.
ღონისძიება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა და მას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.