თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საახალწლო ღონისძიებების პროექტი განიხილეს.
სხდომას მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკრებულოს წევრებს დეტალურად წარუდგინეს იმ გასამართი ღონისძიებების ნუსხა, რომელიც თბილისში საახალწლოდ გაიმართება.
პროექტის თანახმად, სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებები დედაქალაქში 25 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრამდე გასტანს.
როგორც მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სანტა კლაუსები გამოჩნდებიან და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ, მოძრაობის თეატრი კი სხვადასხვა წარმოდგენას გამართავს, ქუჩებში მოეწყობა კარნავალებიც, რიყეზე კი ყინულის მოედანი დამონტაჟდება, სადაც ჰოკეის მატჩები და ფიგურული სრიალის წარმოდგენა მოეწყობა.საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრების თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსახლეობის საახალწლო განწყობის შექმნისთვის აუცილებელია.
კომისიამ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს უახლოეს ბიუროს სხდომაზე გავა.