თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შემდგარი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ჯგუფის წევრებმა, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები შედიან, პირველ შეხვედრაზე საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის“ სტადიონის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილა. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდეს დროებითი სტადიონის მოძიება და შეთავაზება სპორტული სკოლისთვის, რათა ბავშვებმა ვარჯიშის სრულყოფილად გაგრძელება შეძლონ. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ასევე გაიმართება მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან და მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება მოხდება. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა წლების წინ გაყიდული სხვა სპორტული მოედნების საკითხიც განიხილა. სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, სპორტული ნაგებობების დაცულობის მიზნით, სამომავლოდ ფეხბურთის ფედერაციას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.