თბილისის მუნიციპალიტეტს საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ადამიანის უფლებათა დავცისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
სხდომას, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა, თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და მერიის სამოქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დეპუტატებს მერის მოადგილემ წარუდგინა.
ალუდა გოგლიჩიძემ 2015 წლის ბიუჯეტის თვისობრივ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნული ფინანსური დოკუმენტი წინა წლების ბიუჯეტს შეადარა.
„2015 წლის ბიუჯეტის პროექტი არა სურვილების, არამედ საჭიროებების მუხლებითაა განსაზღვრული. მასში ჩადებული და ასახულია ყველა ის გამოწვევა, რომელთა წინაშეც დადგა თბილისის მთავრობა, რის გამოც იგი წარმოადგენს რაციონალურ და პრიორიტეტებზე სწორად გათვლილ ფინანსურ დოკუმენტს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ დეპუტატებს ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები წარმოუდგინა და განათლებისა და სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულბებს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკოლოგიურ საკითხებს გაუსვა ხაზი.
როგორც საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების "ნაციონალური მოძრაობისა’’ და გაერთიანებული დემოკრატების’’ წარმოადგენლებმა აღნიშნეს, ბიუჯეტის პროექტში მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა, რისთვისაც ისინი აღნიშნულ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.
სხდომის დასასრულს მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ 2015 წლის ფინანსურ დოკუმენტს ადამიანზე ორიენტირებული და პროგრამული უწოდა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი საჭიროებებსა და შედეგებზე ორიენტირებული დოკუმენტია.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანას 5 კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.