თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადამფუძნებელს მამუკა კვარაცხელიას შეხვდა, რომელმაც საქართველოს პარლამენტს, დედაქალაქის საკრებულოსა და თბილისის მერიას წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული 23 საფეხბურთო სტადიონის დაბრუნების თხოვნით ორი დღის წინ მიმართა.
შეხვედრა ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით გაიმართა.
დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა კვარაცხელიას წინადადებებს პირადად გაეცნო და სამომავლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
"ფართის გაცვლა გასხვისებული სპორტული ობიექტების მფლობელების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა უკვე გამოიკვეთა, რომ კომპანია "ვისოლ-ჯგუფი" თანახმაა ალტერნატიული ფართის მოძიების შემთხვევაში მიხეილ მესხის ოჯახს დაუბრუნოს "ავაზას" საფეხბურთო სკოლა. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საფეხბურთო სტადიონი დავუბრუნოთ სპორტულ სამყაროს“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ და აღნიშნა, რომ 2016 წლიდან ყველა მუნიციპალური სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შეხვედრაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზეც ისაუბრეს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის, პარლამენტის, საკრებულოსა და ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადამფუძნებელმა მამუკა კვარაცხელიამ აღნიშნა, ქეთევან ჯოხაძე თითოეულ პრობლემას დეტალურად იცნობს და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.