თბილისის საკრებულოში სამი კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო, სარევიზიო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა გარდაცვლილი ახალგაზრდის, ლუკა სირაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია, მიმდინარე წელს ძირითადი აქტივების გაყიდვიდან მისაღები შემოსულობების გადაჭარბებით შესრულებით, რაც ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში არაფინანსური აქტივების კლების გეგმის 5 976,9 ათასი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 5 616,0 ათასი ლარით იზრდება და 1 106 066,8 ათას ლარს შეადგენს.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილების პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები, რაც ხორციელდება მიმდინარე პერიოდში ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და სხვადასხვა პროგრამებში/ქვეპროგრამებში გამოთავისუფლებული რესურსების ხარჯზე.
სხდომაზე კომისიის წევრებს მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესში შესატანი ცვლილებები წარმოუდგინა.
წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიზნითაა განპირობებული.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს გიორგი გვენეტაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეულ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად- 1 ლარად დაუმტკიცდათ.