15 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და საკრებულოს წევრი ვაჟა კოკაია „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ U15 ფინალსა და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ.
ფინალი თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“, „სასკოლო ლიგის“ ორგანიზებით გაიმართა.
ჩემპიონატის პრიზიორები გახდა: თბილისის 199-ე საჯარო სკოლა, თბილისის 172-ე საჯარო სკოლა და თბილისის 186-ე საჯარო სკოლა.
სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება. აღნიშნული პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
2025-2026 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 500-მდე სკოლის 30 000-მდე მოსწავლე მიიღებს.
„თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ გამარჯვებულებს თასი, მედლები და სიგელები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა გადასცეს.