თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სამაჟორიტარო ოლქების ცენტრალურ სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, მეორე შეხვედრა ისნის რაიონში, №85 საჯარო სკოლაში გაიმართა და მას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს დეპუტატები, ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რაგბის ნაკრების წევრები-სანდრო ნიჟარაძე და გიორგი მჭედლიშვილი დაესწრნენ.
გიორგი ჩაკვეტაძემ სპორტის მნიშვნელობაზე, სისტემის დახვეწის მეთოდებზე, ასევე სპორტის განვითარების კუთხით არსებულ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მანვე მოსწავლეებს დედაქალაქში სპორტის პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილ პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნული კამპანიის მიზნებზე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა, მოსწავლეებს სპორტის მიმართულებით დედაქალაქის მერიაში არსებული სერვისებით სარგებლობისკენ მოუწოდა და ამ კუთხით შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე კამპანია 15 ივნისამდე, რამდენიმე სამაჟორიტარო ოლქის ცენტრალურ სკოლებში ჩატარდება, ხოლო სექტემბრიდან კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა ოლქის ცენტრალურ საჯარო სკოლებს მოიცავს.