თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ასევე სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,ჭადრაკის სასკოლო ლიგის’’ ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, ჭადრაკში სასკოლო ტურნირი წელს, სატესტო რეჟიმში, პირველად იმართება და მასში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
გამარჯვებული მოსწავლეები საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დააჯილდოვეს.
ღონისძიებას, რომელიც თბილისის ჭადრაკის სასახლეში შედგა, საკრებულოსა და მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის- ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს, სასკოლო ლიგა დააფუძნა.
ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე, წარმატებით ხორციელდება.
2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 10 სახეობაში გაიმართება და მასში 350-მდე სკოლის 5000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.