თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, კომისიის წევრებთან და დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, წყნეთში, ახლადაშენებული სპორტული ცენტრი დაათვალიერა.
ამილახვარის ქუჩის N21-ში, 700-მდე კვ. მ ფართობზე განთავსებულ სპორტულ ცენტრში სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები ფუნქციონირებს. აქვე განთავსდება კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი.
„ამ რაიონში, აქამდე, სპორტული ცენტრი არ არსებობდა. დღეს კი 700 კვ,მ-ზე მეტ ტერიტორია, რომელიც ჩვენ დავათვალიერეთ, წყნეთში ჯანსაღი თაობის აღზრდაზე იქნება ორიენტირებული.
წყნეთს დიდი სპორტული ისტორია აქვს, განსაკუთრებით ჭიდაობაში. არსებული ჭიდაობის, ტანვარჯიშის და ფიტნეს დარბაზები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფები.