თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა საბურთალოსა და გლდანის რაიონის გამგეობებისთვის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, რაც აღნიშნული რაიონებისთვის "სხვა სოციალური ღონისძიებების" პროგრამაში თანხის "წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების" პროგრამიდან გადმოტანის ხარჯზე გაზრდას გულისხმობს.
დღესვე, დეპუტატებმა თანხმობა მისცეს უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებას, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებში არსებული მიწის ნაკვეთებისა და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარითა და უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემას.
კომისიის სხდომას საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.