თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს სხვა წევრები ქალთა სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.
პრეზენტაცია, რომელიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით შედგა და სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, 2022 წელს თბილისის ბიუჯეტში ქალთა სპორტის განვითარებისთვის უამრავი სიახლე იგეგმება.
„ჩვენს ქალაქში, ქალთა სპორტის განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. სპორტული ინვენტარის და ეკიპირებისთვის თბილისის მერია 2022 წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გვათავაზობს.
დღევანდელი პრეზენტაციიდან გამომდინარე კი, მომდევნო წლებში ქალთა კლუბების განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტია დაგეგმილი’’,-აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სტუმრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მიესალმა და ქალთა სპორტის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
„ძალიან მიხარია, რომ მუნიციპალიტეტი ყველას თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები ქალთა სპორტის განვითარებს უწყობენ ხელს.
აქედან გამომდინარე, აღნიშნულ პროგრამებში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი ჩაერთვება, რაც სპორტული ცხოვრების გააქტიურებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია’’, -აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.