დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, სპორტული ფედერაციებისა და მუნიციპალური ა(ა)იპების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა, სპორტის მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტსა და სამოქმედო გეგმაში გაწერილი, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და მომავალი პრიორიტეტები განიხილეს.
„თბილისის სპორტის ფედერაციებთან და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებთან შეხვედრის მიზანი იყო რომ გაგვეგო ის პრობლემები რომლებიც დედაქალაქში სპორტის მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე ყველა იმ პრიორიტეტსა და მიმართულებაზე ვისაუბრეთ, რომელიც სპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას თბილისის საკრებულოს წევრები დავით რურუა და ავთანდილ ცინცაძე, მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.