თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ, 2024 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა.
ირაკლი გვილავამ განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 2023 წელს დასრულდა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, სკოლა "ფესვების" მიმდებარედ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი. II ეტაპის სამუშაოები დაწყებულია და დასრულდება მაისის ბოლოს. ასევე დასრულდა ავეჯის და ტრენაჟორების შესყიდვა, მიმდინარეობს სპორტული ინვენტარის შეძენა.
მისივე თქმით, დასრულების ეტაპზეა ქ. თბილისში, ვარკეთილი-3, 3 მ/რ, კორპ. 319-ის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში დაიწყება II ეტაპი. მიმდინარეობს ავეჯის და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის ზაფხულში.
ასევე, ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში.
დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში.
ირაკლი გვილავამ კომისიის წევრებს მიმდინარე პროექტები დეტალურად გააცნო.
მისი თქმით, დასრულების ეტაპზეა ქ. თბილისში, ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს ტრენაჟორების და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. დასრულდა ა(ა)იპ "ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის სტრუქტურული ერთეულის გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ხარვეზების გასწორების ეტაპზეა თბილისში, დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. დასრულების ეტაპზეა ქალაქ თბილისში, გუმათჰესის ქ. N1-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ფილიალი დაიწყებს სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. დასრულების ეტაპზეა ვერის კორტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა დაგეგმილი პროექტების შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია.
მიმდინარე წელს იგეგმება ა(ა)იპ "ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის" მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლა; მიმდინარეობს თანხების მოძიება: თემქის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის; ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის; ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის; ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.