თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრეს, რომელიც კომისიის წევრებს ამავე სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, საქალაქო სამსახურის წესში ცვლილებით გუნდების/კლუბების ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ჩემპიონატებში ქალაქ თბილისის სახელით მონაწილეობით ჩანაცვლდება. აღნიშნული ჩანაწერით მოხდება იმ შემთხვევათა პრევენცია, როდესაც გუნდი/კლუბი ფუნქციონირებს ქალაქ თბილისში, თუმცა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ან საქართველოს ჩემპიონატში არ მონაწილეობს ქალაქ თბილისის სახელით.
ცვლილების შესაბამისად, შესაძლებელი გახდება იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ან საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობენ ქალაქ თბილისის სახელით, მათი ადგილსამყოფელია (იურიდიული მისამართი) ქალაქი თბილისი, თუმცა ფუნქციონირების ადგილი საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტი.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.